22 მაისის შუალედური არჩევნები

კალაძე: ენმ-ის პროვოკაციის მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი

ტაბულა

ვიცეპრემიერმა კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კორცხელში ენმ-ის წარმომადგენლებზე თავდასხმას, მათ მიერვე დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

"სამწუხაროა, რომ ენმ-მ სოფელ კორცხელში მაინც შეძლო პროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით, პროვოკაციის განხორციელების მთავარი ადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელთაც უნდა შექმნოდა, არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეშემო, საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ენმ-ს განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა.

ენმ-ს კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ბატონი ბეჟაშვილი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ფოტოსურათებით, დეტალურად მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას იქ ჩაყვანილ ზონდერ პიროვნებებზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდეგაც გაგრძელდება პროვოკაციები, მოვუწოდებ მოსახლეობას არ აყვნენ არავის და არ გახდნენ ნაციონალების დაგეგმილი სცენარის უნებური მონაწილეები. ამჯერად მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და რომ ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს, უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები