22 მაისის შუალედური არჩევნები

ხიდაშელი: კორცხელის ინციდენტში რიგითის მონაწილეობის საკითხს გენშტაბი სწავლობს

Reuters

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობის საკითხის შესწავლა გენერალურ შტაბს უკვე დაავალა. ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ ლაშა დვალიშვილი, რომელიც კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რიგითი სამხედროა და შეიარაღებულ ძალებში, 32-ე ბატალიონში მსახურობს.

"მე დღეს დილითვე გენშტაბს მივეცი დავალება, რომ ძალიან სწრაფად მოიკვლიონ ეს საკითხი და თუ დადასტურდა მისი ბრალეულობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ის არის რიგითი სამხედრო, არ არის ოფიცერი და მე მყისიერ რეაგირებას ვერ მოვახდენ, ის რომ ყოფილიყო ოფიცერი, გარწმუნებთ, შეიარაღებულ ძალებში დღეს აღარ იქნებოდა და მე ამ გადაწყვეტილებას დილითვე მივიღებდი. ახლა, მე ამის პირდაპირი უფლებამოსილება არ მაქვს. ჩვენ ვნახეთ ვიდეომასალა, ლაშა დვალიშვილი არის შეიარაღებულ ძალებში, 32-ე ბატალიონში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, გენერალური შტაბი ძალიან მოკლე ვადებში, რამდენიმე დღეში დადებს საკუთარ დასკვნას და ეს ადამიანი სასტიკად აგებს პასუხს. დაუშვებელია, კატეგორიულად მიუღებელია, სამხედრო მოსამსახურე, მაშინაც კი, როდესაც ის დათხოვნაშია და შაბათ-კვირას ის დათხოვნაში იყო, მონაწილეობდეს მსგავსი ტიპის აქციებში. ეს არის წესდების საწინააღმდეგო, შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა წესების საწინააღმდეგო, სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ატარებდეს სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელს", - განაცხადა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის წევრებს - გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი ჯგუფი, მათ შორის, მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები სცემდნენ პარტიის წევრებს.

კომენტარები