22 მაისის შუალედური არჩევნები

სოფელ კორცხელში მიღებული ხმების დათვლის შემდეგ შედეგი იგივე დარჩა

ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების შედეგად მიღებული ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ ორივე უბანზე ხმების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების შედეგები ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ გაასაჩივრა. ლაგვილავამ "საარჩევნო უბნებზე შექმნილი სტრესული ვითარების" გამო, ბიულეტენების ხელახლა დათვლა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა მოითხოვა. 

ცნობისთვის, საკრებულოს 22 მაისის შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის 67,15 საარჩევნო ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ ხმების 48.96% დააგროვა (613 ხმა), ხოლო ენმ-ის კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ - 49.76% (623 ხმა).

აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების მიმდინარეობისას, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის წევრებს - გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. მათივე ინფორმაციით, "პოლიცია ხელებჩამოშვებული თანაუგრძნობდა დაქირავებულ, ყაჩაღებად ფორმირებულ ბანდას". აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების ჯგუფი რუსთავი ორმა ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დააფიქსირა. ამის შემდეგ კი, ისინი საარჩევნო უბანზე ნახეს. ისინი კამერას გაურბოდნენ და ამბობდნენ, რომ ტურისტები არიან და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.

კომენტარები