22 მაისის შუალედური არჩევნები

TI: პოლიცია ამ დრომდე არ აკავებს ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს, სოფელ კორცხელში, ენმ-ს წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიცია უმოქმედოა.

"დღეს, სოფელ კორცხელში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ამ დრომდე დაუდგენელ პირებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. საარჩევნო უბანთან გამართული ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ პარტიის წევრები. პირებმა, რომელთაც მედიას თავი ტურისტებად გააცნეს, დააზიანეს ადგილზე მომუშავე რეპორტიორების აპარატურა, ხელს უშლიდნენ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით.

ადგილზე მობილიზებული რამდენიმე პოლიციელი ეცადა სიტუაციის განმუხტვას, თუმცა სიმცირიდან გამომდინარე, მათ ვერ შეძლეს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარება, ამასთან, მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა, დაუდგენელმა პირებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს ისე, რომ მათი არც დაკითხვა და არც დაკავება სამართალდამცავებს არ მოუხდენიათ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული პირები ისევ დაბრუნდნენ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად პოლიციელთა რაოდენობა საარჩევნო უბანთან გაზრდილია, ადგილზე რჩებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. თუმცა გაუგებარია ამ დრომდე, რატომ არ ახდენს პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირების დაკავებას და მათ დაკითხვას. მეტიც, პოლიცია მათ არ მოუწოდებს, რომ დატოვონ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულმა პირებმა კიდევ არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა იქ შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილობრივი მედიასაშუალების, ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს კი ბოთლი ესროლეს. პოლიციას მომხდარზე რეაგირება ისევ არ მოუხდენია.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაადგინოს ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობა და დააყენოს კანონის შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობა და მოახდინოს იმ პირთა დაკითხვა, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მითუმეტეს, რომ პირთა იდენტიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი. ასევე ვფიქრობთ, რომ პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით. ადგილზე პოლიციის უმოქმედობა ან პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობა ართულებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე. მსგავსი ფაქტების გამოძიების გარეშე დატოვება და პოლიციის უმოქმედობა ხელს შეუშლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარიხსზე აისახება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები