22 მაისის შუალედური არჩევნები

საია: დროულად გამოიძიეთ კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცველებს მომხდარის გამოძიებას სთხოვს. საიას შეფასებით, მსგავსი ფაქტები უარყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

"მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს - დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას. სამართალდამცავ ორგანოებს - დროულად გამოიძიონ ზემოაღნიშნული ფაქტი და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები. ასევე, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, ხოლო სამართალდარღვევის ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება. სამართალდამცველებმა უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა" - ნათქვამია საიას განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიცია არასაკმარისი რაოდენობით იმყოფება.

"ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით" - აცხადებს საია.

კომენტარები