სავალუტო რეზერვები

2016 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $215 მილიონი შეიძინა

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 17 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონებზე $215 მილიონი შეიძინა, აქედან ყველაზე მსხვილი $40 მილიონიანი ინტერვენცია დღეს განხორციელდააუქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.14 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით, 0.1 თეთრით ნაკლებია. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას კურსის სწრაფი მერყეობის შესაჩერებლად ახორციელებს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ლარის გამყარება საგადამხდელო ბალანსის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ გამოიწვია. კობა გვენეტაძის თქმით, ჯამში საგადამხდელო ბალანსი $300 მილიონით გაუმჯობესდა, რაც ლარის გამყარებას იწვევს. 

"არის გარკვეული წინაპირობები იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. საქონლის ექსპორტის შემცირება პირველ 4 თვეში იყო მხოლოდ 12 პროცენტი, რაც ნაკლებია იმაზე, რაც ადრე გვქონდა. იმპორტის კლება გრძელდება, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, 4 თვეში, წინა წლების პერიოდთან შედარებით, C ჰეპატიტის წამლების გამოკლებით, მიმდინარე ანგარიში დაახლოებით 300 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ასე რომ, არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. მნიშვნელვანია ის მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს. ასევე ინფლაციის შემცირებაც ქმნის ამ მოლოდინს", - ბიზნესკონტაქტთან საუბარში განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს როგორც კურსის სწრაფი გაუფასურება ისე მისი გაუფასურება, ამიტომაც ბანკი ამ მერყეობას სავალუტო ინტერვენციებიტ აფერხებს. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

სავალუტო რეზერვების შესყიდვას მხარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-იც უჭერს. EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით რეზერვების იმ დანაკლისს ივსებს, რაც გასული პერიოდის მანძილზე დაიხარჯა.

"ლარის კურსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ბაზარი იმ მიმართულებით მოძრაობს, რა მიმართულებითაც მან უნდა იმოძრაოს. საკმაოდ პოზიტიური სიახლეა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო რეზერვების შესყიდვა. ეს ნაბიჯი არის სწორი, რადგანაც ბანკი ეტაპობრივად ბაზარზე არსებული უცხოური ვალუტის შესაყიდვით ავსებს სავალუტო რეზერვების იმ დანაკლისს, რაც გასული წლის მანძილზე დაიხარჯა", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

კომენტარები