სავალუტო რეზერვები

სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, მხოლოდ I კვარტალში სებ-მა $460 მლნ იყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ინფორმაციას სებ-ის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ რეზერვები 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"წლის განმავლობაში აქტიური ვიყავით ბაზარზე. წელს, პირველი კვარტლის განმავლობაში დაახლოებით 460 მილიონი დოლარი ვიყიდეთ. რეზერვების ადეკვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონონომიკური სტაბილურობისთვის, როდესაც ბაზარმა მოგვცა საშუალება, შევიძინეთ რეზერვები" - ამბობს მესტვირიშვილი.


10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტიც შემცირდება.

სებ-ის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% იქნება. აქამდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 11% იყო.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ლარი გაუფასურდა - ოფიციალურად დოლართან მიმართებით 4.64 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.77 თეთრით. თუმცა, ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის და ევროს ღირებულება უფრო მეტად გაიზარდა. თუ 9 მაისს ერთი დოლარის შეძენა 2.48-2.52 ლარის ფარგლებში შეგეძლოთ, ახლა მისი ფასი 2.60-2.63 ლარია. რაც შეეხება ევროს, 9 მაისს მისი ყიდვა 2.77-2.80 ლარად შეგეძლოთ, 10 მაისს კი, 2.86-2.90 ლარი ღირს.

კომენტარები