სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი დაამტკიცეს

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი გიორგი ბადაშვილი და საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი ნანა მჭედლიძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება. 2015 წლის დეკემბერში, მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი პირველად გაიწერა. საჯარო კოკურსის გამოცხადების შედეგად მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა.

47 კანდიდატიდან შეირჩა 13 პირი, რომლებმაც ჯერ ტესტირება გაიარა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი − გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

აქვე შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ შერჩეულ კანდიდატებს ევროპის საბჭოს ფილტრაციის კომიტეტს ამ კვირაში წარუდგენენ, თითოეულ მათგანს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს 2016 წლის ოქტომბერში უყრის.

კომენტარები