ბოტანიკური ბაღი

დავით ნარმანია საკრებულოში 17 მაისს მივა

თბილისის მერია

თბილისის მერს დავით ნარმანიას საკრებულოში 17 მაისს ელოდებიან, ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გააკეთა. ალიბეგაშვილის თქმით, ბოტანიკური ბაღის ნაწილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და უმრავლესობას მერთან ამ საკითხზე კითხვები არ აქვს. ოპოზიცია თბილისის მერის საკრებულოში მისვლას უკვე რამდენიმე დღეა მოითხოვს.

"უმრავლესობამ მერთან და შესაბამის სამსახურებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, რომ 17 მაისს შეხვდება მერს, მერი წარმოადგენს ამ პროექტს და უპასუხებს დაინტერესებულ მხარეებს. უმრავლესობას კითხვები არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესია და მოგეხსენებათ, თავისთავად საჯარო უნდა გავხადოთ ეს პასუხები", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მარინა დათუკიშვილის თქმით, ეს არის სპექტაკლი და ნარმანიას საკრებულოში შესვლასთან დაკავშირებით აზრი შეაცვლევინეს.

"ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი. ახალი არ არის არც ნარმანიასთვის და არც ქართული ოცნებისთვის. ნარმანიას თავისი 2 დღის წინ ნათქვამი სიტყვები უკან წააღებინა ვიღაცამ ზემოდან და მას უბრძანეს, რომ უნდა მოსულიყო მხოლოდ უმრავლესობის დავალებით ამ შემთხვევაში საკრებულოში. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, ეს არის ის თემა, რომელიც არ ჩაცხრება არასდროს, სანამ არ დადგება ნარმანიას უნდობლობის საკითხი", - თქვა დათუკიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანია საკრებულოში მისვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ ის საკრებულოში მხოლოდ დეკემბერში მივიდოდა.

კომენტარები