ბოტანიკური ბაღი

ახალი დეტალები ბოტანიკური ბაღის გასხვისებული ტერიტორიის გარშემო

ტაბულა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს ბოტანიკური ბაღის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. მისი თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკურ ბაღს გაუცვალა, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის. მისივე ინფორმაციით, ივანიშვილს სურდა ამ ხაზების ტერიტორიიდან გადატანა, რისთვისაც მიდიოდა მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან, თუმცა, ტექნიკური და ფინანსური მიზეზების გამო ეს ვერ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ კერძო მესაკუთრე ვალდებულია, საკუთარი ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები საკუთარი ხარჯებით გადაიტანოს, რაც ივანიშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ენმ-ის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და ხალხის ნებისმიერი სახის თავშეყრა აკრძალულია. ოპოზიცია თვლის, რომ ტერიტორიის გაცვლის რეალური მიზეზი სწორედ ისაა, რომ ივანიშვილი მას სურვილისამებრ ვერ გამოიყენებდა.

"ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის მითვისების შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუცხადა, თითქოს ეს ბოტანიკური ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა და თავად დაზარალდა. იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მან თავად გადასცა ბოტანიკურ ბაღს, გადის 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზი, რომელსაც აქვს საკუთარი დამცავი ზონა, რომელშიც მშენებლობა იკრძალება. ანუ ივანიშვილი იქ ვერაფერს ვერ ააშენებდა. სამწუხაროდ, ძუნწმა მილიარდერმა 400 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთში არ ისურვა, ეზარალა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გადასცა ბოტანიკურ ბაღს და ბოტანიკური ბაღისგან მიიღო სამშენებლოდ ვარგისი მიწის ნაკვეთი, რომელსაც შემოღობავს, ბოქლომს დაადებს და იქ არავის შეუშვებს", - ამბობს ირაკლი აბესაძე.

"განცხადება იმის თაობაზე, რომ ის 4 ჰექტარი იყო უკეთესი ბოტანიკური ბაღისთვის და იქ აპირებდნენ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობას ეს გახლდათ ელემენტარული ტყუილი რადგან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ნაკვეთზე, გამომდინარე იქედან, რომ გადის 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ხაზები, იკრძალება ნებისმიერი სახის ხალხის თავშეყრა რადგან ეს დაკავშირებულია მათ უსაფრთხოებასთან და სიცოცხლესთან",- ამბობს ნადირაძე.

კომენტარები