კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო TI-ის კვლევაზე: ბრალდებები შეურაცხმყოფელია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს "კვლევას პასუხობს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევა "სათაურშივე ვარაუდზეა აგებული, შეიცავს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიკერძოებულად ინტერპრეტირებული საკითხების ჩამონათვალს".


"სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან 4-თვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა",- წერია უწყების განცხადებაში.


როგორც კულტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას და პროაქტიულად აქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების დაფინანსებას ეხება.


"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება",- წერია განცხადებაში.


დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოიკვლია სამინისტროსა და კულტურის სფეროში მოქმედ ზოგიერთ საჯარო უწყებასთან დაკავშირებული ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კულტურის სამინისტროს პრიორიტეტი საქართველოში ჯაზ-ფესტივალების მოწყობაა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაუსაბუთებლად მაღალი თანხებია გამოყოფილი. ამასთან, მინისტრთან და მის მოადგილეებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსგან რეგულარულად იღებენ შეკვეთებს, ხშირ შემთხვევაში, კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.

კომენტარები