საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ევროსაბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაზეც ისაუბრა, რომელშიც ყურადღებაა გამახვილებული რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"2 დღის წინ ევროპის საბჭოში მიღებული იქნა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრის მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და პირდაპირ აკისრებს იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტიურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციას, ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები ქართულ ენაზე როგორც განათლების მიღების კუთხით, ასევე საკუთრების უფლებები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა.შ.
ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხით. თვითონ დოკუმენტს ჰქვია "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს", - თქვა პრემიერმა.





