Check-in Georgia

ენმ: მთავრობამ Check-in Georgia-ს 29 მილიონიან ბიუჯეტს 3 მილიონი ლარი დაამატა

collinstours.ca

საქართველოს მთავრობამ პროექტ Check-in Georgia-ს 29-მილიონიანი ბიუჯეტი დამატებით 3 მილიონი ლარით გაზარდა, ამის შესახებ ინფორმაცია ერთიანმა ნაციონაურმა მოძრაობამ მოიპოვა.

Maroon 5-ის, რობი უილიამსის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასისა და GROOVE SONIX-ის ჰონორარებზე საქართველოს მთავრობა 11.1 მილიონ ლარს დახარჯავს, ამის შესახებ პროექტ Check-in Georgia-ს ოფიციალური ხარჯთაღრიცხვიდან გახდა ცნობილი. კულტურის სამინისტრომ ხარჯთაღრიცხვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობობის გამო გაასაჯაროვა.

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში მასშტაბური კონცერტების ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, რადგანაც მთავრობა ამ გზით ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ბათუმის ჯაზფესტივალის ბიუჯეტზეც საუბრობს და ამბობს, რომ წინ წლებში ფესტივალი 0.6 მილიონი ჯდებოდა, ახლა კი მთავრობა მასზე 2.5 მილიონს ხარჯავს. 

"ეს პროექტი დღითი დღე უფრო ძვირდება, 22 აპრილს გამოიცა ახალი განკარგულება პრემიერის მიერ, რომ ამ პროგრამას 3 მილიონი ლარი დამატებოდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა ამავე ჯგუფების ხარჯების დაფარვას მოხმარდება. ასევე, გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ჯაზფესტივალის დაფინანსების ფონდი 2 მილიონი უნდა ყოფილიყო და ახლა 2.5 მილიონს გადასცდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა წლებში ჯაზფესტივალის ხარჯები 600 000 ლარს შეადგენდა. ამ ყველაფერს აკეთებენ ცინიკურად. ხალხის თვალწინ, ყველას დასანახად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ფიქრობენ, რომ ეს მათ საარჩევნო კამპანიას წაადგება. საარჩევნო კამპანიის დახმარებას ფიქრობენ რამდენიმე კუთხით, ერთი მხრივ, რომ ამ კონცერტებით და მსგავსი ღონისძიებებით განწყობას აამაღლებენ და მეორე იმ თვალსაზრისით, რომ ის ჯგუფები, ვინც საორგანიზაციო საკითხებში იქნებიან ჩართული, დაფინანსებას მიიღებენ და ეს ირიბი მოსყიდვაა მათი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

მთავრობა აფინანსებს კიდევ ერთ ფესტივალს - GEM FEST-2016-ს, რომელზეც 77 არტისტის გამოსვლაა დაგეგმილი. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჰონორარებზე მთავრობამ 1.2 მილიონი ლარი გამოყო.

პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეროს რამაზოტის (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსის (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასის (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5-ის (7 ივნისი, ბათუმი) კონცერტების გარდა, Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს.

სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად ფესტივალის დაფინანსების წყარო გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალიც იქნება. 

კომენტარები