რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 27 აპრილს განახლდება

თბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის განხილვას 27 აპრილიდან განაახლებს. რუსთავის 2-ის იურისტების შეფასებით, სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის მსგავსად ცდილობს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიაროს, რაც ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს.

საქართველოში სასამართლო სისტემაზე ზედამხედველობის ფუნქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება. საბჭოს ერთ-ერთი წევრის კახა სოფრომაძის თქმით, რუსთავი 2-ის იურისტების შეფასება, რომ სააპელაციო სასამართლო სარჩელს მაღალი სიჩქარით განიხილავს, გადაჭარბებულია, რადგანაც სააპელაციო სასამართლოში ეს სარჩელი დიდი ხნის წინ შევიდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საგანგაშო გადაწყვეტილებები მიიღიო, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიანიშნებს, ამიტომაც ახალგაზრდა იურისტები საქმის მსვლელობას სააპელაციო სასამართლოშიც მიადევნებენ თვალყურს.

რუსთავი 2-მა დაუყოვნებელი აღსრულების ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმის მოქმედება შეჩერებულია.

კომენტარები