საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო ბინებზე: თავი შეიკავეთ პოლიტიკურად მოტივირებული შეფასებებისგან

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტებას აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობად ქ. ბათუმის განსაზღვრის შემდეგ, მის მოსამართლეებს, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების დღიდან მოქმედებს და რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ცხოვრების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფას.

"მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო შეფასებებისგან.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კანონიდან მომდინარე ვალდებულება, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და, თავისთავად, ვერ დააყენებს კითხვის ქვეშ მათ მიუკერძოებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, თუ რა სახით უნდა იქნეს შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი" - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები