თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს

Paata Vardanashvili / Wikipedia

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს. მან 526 ხმა მიიღო. 

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ლევან გორდეზიანს 236 ხმა აქვს, ცირა ბარამიძეს 107, ხოლო გიორგი ანდრიაძეს - 39 ხმა. 49 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი 18:00 საათზე შეწყდა. 

არჩევნებს აპროტესტებდა თსუ-სთან არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თამაზ კალაძე. მისი თქმით, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების 150 თანამშრომელს არ მიეცა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. კალაძის განცხადებით, ამის გამო დღევანდელი არჩევნები გაყალბებულად უნდა ჩაითვალოს. თსუ-ს ყოფილი რექტორის ვლადიმერ პაპავას განმარტებით, ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლებს დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად აქვთ შეზღუდული.

დარეჯან თვალთვაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი, აგვისტოში ჩატარდება.

უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თანამდებობა სტუდენტთა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა.

კომენტარები