მოვლენები ტექნიკურ უნივერსიტეტში

TI: სტუ-ს რექტორის ზედიზედ მესამედ არჩევა კანონს არღვევს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის პოსტზე არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ მესამე ვადით არჩევა არღვევს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს და, შესაბამისად, მისი ამ თანამდებობაზე საქმიანობა არალეგიტიმურია.

ზედიზედ მესამე ვადით რექტორად არჩევასთან დაკავშირებულ სასამართლო დავის დასრულებამდე, TI მოუწოდებს განათლების სამინისტროს, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის ზედიზედ მესამედ არჩევის კანონიერების საკითხი და კონკრეტული შედეგის დადგომამდე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, აქტიურად ჩაერთოს უნივერსიტეტის ლექტორებსა და მართვის ორგანოებს შორის მოლაპარაკების პროცესში.

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორი, ამავე უნივერსიტეტის რექტორად არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ მესამედ არჩევის გამო, მეცხრე დღეა შიმშილობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით ლექტორების პროტესტი სამართლებრივად დასაბუთებულია. არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად 2016 წლის იანვარში მესამედ აირჩიეს. იგი 2008-2009 წლებში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რის შემდეგაც ზედიზედ სამჯერ - 2009, 2012 და 2016 წლებში უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორების შიმშილობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტრომ მოკვლევის შედეგად რექტორის არჩევნებში კანონის დარღვევის ფაქტი ვერ აღმოაჩინა. ამის მიზეზად სამინისტრო წლების მანძილზე კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე უნივერსიტეტის იურიდიული ფორმა მართლაც რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებით, საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა არასამე­წარ­მეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. მთავრობის 2013 წლის დადგენილებით კი უნივერსიტეტის იურიდიულ ფორმად კვლავ საჯა­რო სამართლის იურიდი­ული პირი განისაზღვრა. თუმცა, მიუხედავად უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ცვლილებისა, არ შეცვლილა "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) ზედიზედ ორ ვადაზე მეტით არჩევის აკრძალვასთან დაკავშირებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწორედ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. 2011 წლიდან 2013 წლამდე პერიოდშიც კი, როდესაც უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირად იყო რეგისტრირებული, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უნივერსიტეტის დამფუძნებელი სახელმწიფო იყო. შესაბამისად, არჩილ ფრანგიშვილის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზედიზედ სამი ვადით არჩევა არღვევს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მისი ამ თანამდებობაზე საქმიანობა არალეგიტიმურია.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ კანონის მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის ზედიზედ ორ ვადაზე მეტით არჩევის აკრძალვის თაობაზე არსებობდა არჩილ ფრანგიშვილის რექტორად არჩევის სამივე ეტაპზე და ასევე გათვალისწინებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამინისტროს არგუმენტი, იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებამ განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციების ამოქმედება გამოიწვია რექტორის არჩევასთან დაკავშირებით. თუ მხედველობაში მივიღებთ სამინისტროს არგუმენტებს, მაშინ იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალში უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ცვლილების შემთხვევაში, არჩილ ფრანგიშვილს დამატებით კიდევ ორი ვადით შეეძლება რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ზოგადად, კანონმდებლობით უნივერსიტეტის ხელმძღვანელის (რექტორის) უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის მიზანია, გამოირიცხოს განუსაზღვრელი ვადით ერთი და იმავე პირის მიერ უნივერსიტეტის მართვა, უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობა, ისევე როგორც აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში. კანონის აღნიშნული მიზანი უცველელი რჩება მიუხედავად უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ცვლილებისა. შესაბამისად, არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ მესამე ვადით თანამდებობაზე არჩევის უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ცვლილებით გამართლება ეწინააღმდეგება „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის მიზნებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები