თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოაბიტაციის შედეგია

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თსუ-ის რექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ლადო პაპავა უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს, რომ "ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოაბიტაციის შედეგია". პაპავა კვირის პალიტრასთან საუბარში ამბობს, რომ "ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი, ხელისუფლებაში ქართული ოცნება იყო თუ ნაციონალური მოძრაობა, უნივერსიტეტზეც ერთი ერთში აისახა". მისი მტკიცებით, "თსუ-ში დაწყებული აქციები მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი". პაპავას თქმით, მოვა დრო და "ამ ყველაფერზე" აუცილებლად ისაუბრებს.

"2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, ამ პერიოდში პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურები მას აღარ ემორჩილებოდნენ. ამასთან, ქართული ოცნება ეიფორიაში იყო, ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები კი ახალ პატრონს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებლად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა", - ამბობს პაპავა.

კითხვაზე, "ვის და რა კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ თქვენი რექტორობის პერიოდში?", პაპავა ამბობს, რომ "ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც შევიტყვე, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა".

კომენტარები