ენერგეტიკა

საქართველოში გაზსაცავი აშენდება, მასზე მთავრობა $250 მილიონს დახარჯავს

Reuters

საქართველოში გაზსაცავი აშენდება, რომლის ღირებულება დაახლოებით $230-250 მილიონი იქნება, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. პროექტი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია "ჯეოსტოკმა" მოამზადა. გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება. 

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, აგრეთვე, მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო.

პროექტის მიხედვით მიწისქვეშა გაზსაცავი სამგორში ერთერთი ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი. ბუნებრივ აირს მიწის ქვეშ ნავთობის საბადოს ბუნებრივ სიღრუეში შეინახავენ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ ტერიტორიაზე საცავის მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.

გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტს აზერბაიჯანიდან, სოკართან გაფორმებული ხელშეკრულებით ახორციელებს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ახალ ობიექტს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ობიექტი კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნისათვის გაზის მიწოდების სათადარიგო წყარო იქნება.

კომენტარები