საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ისა და TV-საქართველოს ორი სარჩელის განხილვა დაიწყო.
მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლებს. მოსარჩელის აზრით, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მიმართოს საერთო სასამართლოს. ის მოითხოვს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას, ხოლო სადავო ნორმა ამის შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება.
მოსარჩელე ასევე სადავოდ მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლსა და 23-ე მუხლის პირველ და მე-10 პუნქტებს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მას არ აქვს შესაძლებლობა, აღადგინოს დარღვეული უფლება და შეცვალოს არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონის საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი, ვინაიდან სადავო ნორმების თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს გარანტიებს, რომლებიც მას დარღვეული კონსტიტუციური უფლების აღდგენაში დაეხმარება, რისთვისაც აუცილებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს უფლება, თავად განსაზღვროს, დროის რომელი პერიოდიდან უნდა დაკარგოს ძალა არაკონსტიტუციურად ცნობილმა კანონმა.
მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმები არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს).
მოსამართლეებს უკვე სიტყვით მიმართა რუსთავი 2-ისა და ტვ-საქართველოს იურისტმა.