ერთნაირსქესიანთა ქორწინება

საპატრიარქო და 5 კონფესია მხარს უჭერს კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრას

news.ge

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ინტერრელიგიური საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრის შესახებ. 6 აპრილით დათარიღებული განცხადება დღეს საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა და მას სმე-ს გარდა ხელს 5 კონფესია აწერს. რელიგიურ ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით არსებულ "ეჭვებსა და სტერეოტიპებს" მოხსნის და ლგბტ თემზე ძალადობის რისკებს შეამცირებს.

"ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ: ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის ასახვა კონსტიტუციაში წარმოადგენს შიდა სახელმწიფოებრივ პრეროგატივას; ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად მოიაზრებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მაგალითად: "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" (მუხლი მე-16) საერთაშორისო პაქტი "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" (მუხლი 23-ე) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია" (მუხლი მე-12); ევროპის კავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს მსგავსი ჩანაწერი. მაგალითად: უნგრეთის (მუხლი "L"), პოლონეთის (18-ე მუხლი), ბულგარეთის (46-ე მუხლი), ლიტვის (38-ე მუხლი), ლატვიის (110-ე მუხლი) და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ, საქართველოში მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებებს მიგვაჩნია, რომ – კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის დაზუსტება წარმოადგენს საქართველოში მოღვაწე ყველა ძირიდათი, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების ინტერესს და იგი თანხვედრაშია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასთან მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა; ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვანწილად მოხსნის მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებულ ეჭვებსა და სტერეოტიპს საქართველოს ევროპულ არჩევანთან მიმართებაში. შესაბამისად, შემცირდება ამ მიმართულებით არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ ბოლო დროს არის სახეზე; ამგვარი ინიციატივის განხორციელება მოხსნის დაძაბულობას მოსახლეობაში და შემცირდება ექცესების და ძალადობის გამოვლინების რისკები სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელს აწერენ:

  1. საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია;
  2. ებრაელთა რელიგიური საზოგადოება;
  3. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
  4. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
  5. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
  6. ეზიდთა სასულიერო საბჭო.

კომენტარები