ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ქალი ოკლაჰომადან ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწილებს მათი მშობლების ნაცვლად ესწრება

სარა კანინგემი ოკლაჰომადან ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწილში მათი ბიოლოგიური დედის ჩანაცვლებას სთავაზობს.

55 წლის სარა, რომელიც თავად ქორწინების ცერემონიებს აღასრულებდა, ბევრჯერ შესწრებია შემთხვევას, როდესაც გეი წყვილის მშობლებმა დასწრებაზე უარი თქვეს.

ამიტომ, ერთ დღესაც, მან Facebook-ზე დაწერა, რომ ასეთი წყვილებისთვის დიდი სიამოვნებით ჩაანაცვლებდა ბიოლოგიურ დედას.

„თუ გჭირდებათ დედა, რომელიც თქვენს ქორწილს დაესწრება, რადგან თქვენი ბიოლოგიური დედა უარზეა, დამიძახეთ. აქ ვარ“ - სარა კანინგემის თქმით, ამ შეთავაზებას დაინტერესებული პირებისგან მოულოდნელად დიდი გამოხმაურება და ასობით გზავნილი მოჰყვა.

ამ გზით სარა ათობით ქორწილს დაესწრო, მიმდინარე წელს კი სამ ქორწილზე დასწრება უკვე დაგეგმილი აქვს. მისი თქმით, ამის გაკეთების სურვილი, მისი პოსტის შემდეგ, სხვა დედებმაც გამოთქვეს.

სარა კანინგემი ყოველთვის LGBT ადამიანების მხარდამჭერი არ ყოფილა. მისი თქმით, წლები დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი შვილის იდენტობა ეღიარებინა და მიეღო. მან ამ პერიოდზე მემუარებიც დაწერა სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი მშობლებისთვის.

კომენტარები