კორუფცია

ენმ: რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ბიზნესისთვის, მისაწვდომია ქართული ოცნებისთვის

ნაციონალური მოძრაობის წევრის, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი აბესაძის თქმით, დადიანის ქუჩაზე, ქართული ოცნების დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, დავით ნარმანიას დაპირება იმის შესახებ, რომ მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობას, არ სრულდება და ის ახლობლების „კორუფციულ მადას აკმაყოფილებს".

"თბილისის მერი, ერთი მხრივ, 3.5 მილიონ ლარს ხარჯავს ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაზე და მეორე ხელით, აკმაყოფილებს თანამდებობის პირების, მეგობრების და ნათესავების კორუფციულ სურვილებს, კორუფციულ მადას. ამჯერად საუბარია დადიანის ქუჩაზე, "ქარვასლას" უკან მდებარე ნაკვეთზე, რომელზეც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კონკრეტულ ნაკვეთზე, სადაც მხოლოდ ინდივიდუალური სახლები მდებარეობს, გასცა ნებართვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის. ეს შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, ვინ არის მფლობელი, გასაკვირი არაფერია. ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი. ქართული ოცნების დეპუტატებისთვის, მისი მინისტრებისა და ნათესავ-მეგობრებისთვის შეუძლებელი არაფერია ამ ქალაქში. იქ, სადაც ვალერი გელაშვილს ეძლევა საშუალება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, გარშემო არსად ასეთი ინტენსივობით მშენებლობის უფლება გაცემული არ არის. ეს ოაზისი, კუნძული შეიქმნა მხოლოდ ვალერი გელაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის თქმით, საქმე გვაქვს პარლამენტარების მხრიდან ზეგავლენით ვაჭრობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალერი გელაშვილი ნებართვას ვერ მიიღებდა. ნადირაშვილი ამბობს, რომ კორუფცია არის სისტემური და ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებული.

"ჩვენ ვხედავთ, რომ კახი კალაძის, ზურაბ ტყემალაძის, ხაბარელის შემდეგ, კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი სარგებლობს ამ კორუფციული სქემით და იღებს დივიდენდებს თავისი მოგების გასაზრდელად და გასაფართოებლად. ამას აკეთებს ქალაქის განაშენიანების, გარემოს დაბინძურების ხარჯზე და ეს ყველაფერი, როცა ამდენი თანამდებობის პირია ჩართული ამ ყველაფერში, მიუთითებს, რომ კორუფცია არის სისტემური ქვეყანაში და მისი წამქეზებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ის ცდილობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ელიტაში მყოფი ხალხი ჰყავდეს კმაყოფილი. გვაქვს მაგალითი, რომ პრემიერმინისტრი არის მოვალე ბიძინა ივანიშვილის, მისი ბანკიდან აქვს აღებული კრედიტები და იხდის იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ან ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, ასეთი ჩინოვნიკები, იგივე პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ჰყავს ნაყიდი. ის, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ბიზნესისთვის, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ქართული ოცნების ელიტაში. კორუფცია ქვეყანაში არის სისტემური და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებული", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკითხით შესწავლის მოთხოვნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართავს.

კომენტარები