ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ვაკის გამგეობამ დაახლოებით 100 000 ლარი არამიზნობრივად დახარჯა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-თბილისის წევრის თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, "დავით ნარმანიას არაკომპეტენტური მმართველობის შედეგად თბილისის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და არამიზნობრივი ხარჯვა ტრადიციად იქცა". მან ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის გათავისუფლება და შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"ვაკის გამგეობამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს საგზაო სამუშაოებზე გააფორმა ხელშეკრულება (ტენდერი SPA 160000739).
ამავე წლის 7 მარტს ვაკის გამგეობამ ზღვრული ფასების მითითებით (2.030.000 ლ) საგზაო სამუშაოებზე გამოაცხადა ტენდერი (SPA 160007937). ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული და კანონმდებლობის შესაბამისად მის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა. 1 აპრილს ვაკის რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყდა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

ყურადღებას ვამახვილებთ ამ ორ საგზაო ტენდერში მითითებულ ფასებზე.

მაგალითისთვის, პირველ ხელშეკრულებაში, პუნქტში - "ბეტონის დაშლა პნევმატური ჩაქუჩების გამოყენებით და დატვირთვა ა/თვითმცლელზე" - 1 კუბური მეტრის ღირებულება არის 3 ლარი. მეორე ტენდერის დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში ანალოგიურ სამუშაოებზე ფასი 96.90 ლარია. (სხვაობა 93.90 ლარი) მოცულობებიდან გამომდინარე ფასები შემდეგნაირია – 218.8 კუბური მეტრის ოდენობის სამუშაოები პირველ შემთხვევაში 656.4 ლარად არის შეფასებული, მეორე შემთხვევაში 175 კუბური მეტრის ანალოგიური სამუშაოების შესრულებაში გამგეობა 16.957 ლარის გადახდას აპირებს. ამავდროულად:

"დაზიანებული ა/ბეტონის საფარის მოხსნა პნევმატური ჩაქუჩებით და დატვირთვა ავტოთვითმცლელზე" – პირველ შემთხვევაში 4 ლარი, მეორე შემთხვევაში (მოცულობა 103 მ3) 18.98 ლარი. (სხვაობა 14.98 ლარი)

"დაზიანებული ა/ბეტონის საფარის მოხსნა მექანიზმებით და დატვირთვა ავტოთვითმცლელზე" – პირველ შემთხვევაში 4 ლარი, მეორე შემთხვევაში (მოცულობა 1040 მ3) 19.39 ლარი. (სხვაობა 15.39 ლარი).

"საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა ფრ. ღორღით, (0-40მმ)" – პირველ შემთხვევაში 18 ლარი, მეორე შემთხვევაში (მოცულობა 5597 მ3) 31.30 ლარი. (სხვაობა 13.30 ლარი). მხოლოდ ამ რამდენიმე პუნქტიდან თუ დავაჯამებთ მოცულობებს, არამიზნობრივი ხარჯვა 100.000 ლარის ფარგლებშია. 

ზემოთჩამოთვლილი მაგალითები მცირე ნაწილია იმ დარღვევებისა, რომელსაც ადგილი აქვს ვაკის გამგეობაში. სახეზეა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ უკანონო ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიაში დამკვიდრებული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენენ" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ოპოზიციის  ბრალდებას დღესვე გამოეხმაურა ვაკის რაიონული გამგებელი და ბრალდებებს პოპულისტური უწოდა. ნოდარ ტურძელაძე ირწმუნება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საჯარო ტენდერში მონაწილე იმ კომპანიასთან, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.

კომენტარები