კოალიციის დაშლა

კონსერვატიული პარტია კოალიციას არ ტოვებს

wikipedia.org

საქართველოს კონსერვატიული პარტია მმართველ ძალას არ ტოვებს და „რჩება უმრავლესობაში" - კოალიციაში შემავალი პარტიის ეს პოზიცია პარტიისვე ეროვნული კომიტეტის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

ზვიად ძიძიგურის თქმით, პარტიამ დაიწყო კონსულტაციები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ძიძიგური ამბობს, რომ პარტია არ აპირებს „ოპოზიციაში წასვლას" და კონსულტაციებიც მხოლოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებთან გაიმართება.

„კოალიციის დაშლის მიუხედავად, საქართველოს კონსერვატიული პარტია რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც 2012 წლიდან კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ. ხელისუფლებასთან ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ რეფორმების თანმიდევრულად და წარმატებულად განსახორციელებლად. ჩვენი ყველა მომავალი მოქმედება თანმხვედრი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, უპირველესად კი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებასთან. პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებს პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას", - თქვა პატიის თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას. არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვეტილი აქვს რესპუბლიკურ პარტიასაც, თუმცა ამ ეტაპზე, რესპუბლიკელი მინისტრები და თანამდებობის პირები პოსტებს ინარჩუნებენ.

 

კომენტარები