კრიმინალი

ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაბა ჩოხატაურში ორი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.კვიჭიძე და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. ღამბაშიძე წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

„სამართალდამცველებმა, ღამბაშიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა; ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20 ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყალბი კუპიურების თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები გასაღების მიზნით, ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.

„გამოძიება ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით)“, - აცხადებს შსს.

კომენტარები