ქართული ოცნება

კობახიძე: ღარიბაშვილთან კონსულტაციები გვექნება

Ipress.ge

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყოფილ თავმჯდომარესთან, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უთხრა. კობახიძემ უპასუხა კითხვას - დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა.

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ყრილობა აპრილში ჩატარდება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პოსტზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დელეგატები მას ერთხმად დაუჭერენ მხარს.

რაც შეეხება პარტიის საარჩევნო სიას, ირაკლი კობახიძის თქმით, "ჯერჯერობით, კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ვერცერთი სახელი და გვარი ვერ დასახელდება".

კომენტარები