თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების სამინისტრო თსუ-ის სტუდენტებს დღეს შეხვედრას სთავაზობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს. სამინისტრო დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს, შეარჩიონ წარმომადგენლები და დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მივიდნენ. უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ყველა იმ თემაზე შეთანხმდებიან, რაზეც მომავალში ინტენსიური მუშაობა დაიწყება.

"ძვირფასო სტუდენტებო, ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მზაობა, დავიწყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, შეარჩიოთ თქვენი წარმომადგენლები და მობრძანდეთ 23 მარტს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შევთანხმდებით ყველა იმ თემაზე, რაზეც მომავალში ინტენსიურ მუშაობას დავიწყებთ", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, სტუდენტურმა მოძრაობამ აუდიტორია 115 აქციები განათლების სისტემის რეფორმირების პირობით შეწყვიტა. მათ დააარსეს თსუ-ს რეფორმირების საბჭო. სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, "ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში შემუშავდება დეტალური ხელშეკრულება, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის, ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და აუდიტორია 115-ის წარდგენილი პირი".

იმ შემთხვევაში, თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდა დოკუმენტის გაფორმება, აუდიტორია 115 საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზებას აპირებს.

კომენტარები