აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრები არაფორმალურია და ვერაფერზე ვერ მოვილაპარაკებთ

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრები "არაფორმალური დიალოგის ფორმატია". მისი თქმით, "მონაწილეები ვალდებულებებს იქ არ ვიღებთ, არც რაიმე დოკუმენტი ფორმდება და დიალოგი მიმდინარეობს თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში". აბაშიძე აღნიშნავს, რომ "როდესაც ხშირად ისმის კითხვა - რაზე მოილაპარაკეს პრაღაში, არ არის მთლიანად მართებული, იმიტომ, რომ იქ ვერაფერზე ვერ მოვილაპარაკებთ".

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, შეხვედრაზე წასვლამდე მზადდება პრემიერმინისტრის განკარგულება, რომელიც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და ჰუმანიტარული პრობლემებს. აბაშიძე ამბობს, რომ ის კარასინთან შეხვედრისას ხშირად გამოთქვამს პირად მოსაზრებებს ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხებზე.

"იმის გამო, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე, საოკუპაციო ხაზზე ან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ასეთივე, პირადი სახის მოსაზრება შეუძლია გამოთქვას ჩემმა რუსმა კოლეგამ. ეს არის რთული დიალოგი, ხშირად მწვავე დისკუსიაც, რაც ჩვეულებრივი ამბავია ასეთი არაფორმალური ფორმატისთვის, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა გახლავთ ყოველივე ეს", - ამბობს აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ პრაღასა და ჟენევაში განსხვავებულ თემებზე საუბრობენ. ის ასევე ამბობს, რომ პრაღაში გამგზავრებამდე ხვდება ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, ვისაც რუსეთის თემატიკასთან აქვს შეხება, პრაღიდან ჩამოსვლის შემდეგ ინფორმაციას აწვდის 15-მდე უწყებას.

„საკითხის განხილვა ნიშნავს ამა თუ იმ პრობლემის დეტალურად მომზადებას. სანამ მე პრაღაში გავეგზავრები, ვხვდები ყველა იმ უწყების ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებსაც რაღაც შეხება აქვთ რუსეთის თემატიკასთან. ვიღებთ სრულ ინფორმაციას. ამ შეხვედრებს ესწრებიან საგარეო უწყების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებიც იღებენ პრაღაში საკითხების საგნობრივად განხილვაში მონაწილეობას. სრულყოფილი ინფორმაცია ეგზავნება 15-მდე უწყების ხელმძღვანელს - ესეც საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ამიტომ, იმის თქმა, რომ არავინ არ იცის იქ ჩვენ პრაღაში რაზე ვსაუბრობთ, არ არის სერიოზული", - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე ამბობს, რომ მისი და კარასინის შეხვედრების შესახებ რეგულარულად ეგზავნებათ ინფორმაცია საქართველოს უცხოელ პარტნიორებს და დიპლომატებს, რომლებიც ხაზგასმით უჭერენ მხარს ამ რთული დიალოგის არსებობას და გაგრძელებას. მისი თქმით, მხარდამჭრი განცხადებები არაერთხელ გაკეთბულა ვაშინგტონის ადმინისტრაციის, NATO-ს ხელმძღვანელების, ევროკავშირის ლიდერების, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. აბაშიძე ამბობს, რომ ამ ფორმატის გაუქმებაზე, მხოლოდ ოპოზიციის ერთი ნაწილი საუბრობს.

„ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქ იქნება საუბარი და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იმ სფეროებზე, რაზეც ჩვენ გვაქვს მსჯელობა. ჩემი მანდატი არის ძალიან მკაფიოდ გაწერილი. ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერმინისტრის განკარგულება, სადაც ყველაფერი არის აღნიშნული. ეს გახლავთ: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები