რუსეთ-საქართველო

ხოშტარია: რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელება ტერიტორიების ანექსიის აღიარებაა

რუსეთი გვეუბნება, რომ ანექსია, ოკუპაცია, ტერიტორიების მიტაცება უკვე არის შემდგარი ფაქტი და ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ მწვანილზე, ბორჯომზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე. სწორედ ეს გზავნილია კარასინის დანიშვნა ამ თანამდებობაზე[რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "შეთანხმების" რატიფიცირების პროცესში]. პუტინის მხრიდან ეს იყო ხაზგასმული დანიშვნა. როგორ გგონიათ, სხვა კანდიდატურა ვერ შეირჩეოდა? ეს იყო ხაზგასმული გზავნილი, რომ ადამიანი, რომელსაც ხვალ ზურაბ აბაშიძე ისევ შეხვდება, პარალელურად ახდენს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გავეცით პასუხი, რომ ამაზე რეაქცია არ გვექნება. მოლაპარაკების შეწყვეტა არის სწორედ ის მიდგომა, რომელიც უნდა გვქონდეს რუსეთთან. თუ რუსეთი ამდენი ხანი, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი მცდელობის მიუხედავად, გვემუქრება და იმ ადამიანს, ვისთანაც ნორმალიზებას ვცდილობთ, აგზავნის ანექსიის პროცესისთვის, ეს უნდა იყოს ის საფუძველი, რომელიც აბსოლუტურად გასაგები იქნება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ამის საფუძველზე საქართველო ვეღარ გააგრძელებს მოლაპარაკებას - იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის აღიარებას. სამწუხაროდ, ეს გზავნილები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არ ისმის და, პირიქით, ვსაუბრობთ ჭკვიანურად მოქცევაზე.

ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის ეთერში. როგორც ცნობილია, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "შეთანხმების" რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს.

კომენტარები