ფარული ჩანაწერები

დეპუტატები სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და დეპუტატები სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უსმენენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, აპირებს თავისი კომიტეტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს გააცნოს. ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტი გულისხმობს პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა მსუბუქიდან მძიმე დანაშაულების კატეგორიაში გადავიდეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონპოროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება და ეს იქნება პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი.

„ჩვენ უკვე მზადც გვაქვს კანონპროექტი, რომლის ინიცირება გვინდა რომ სწრაფად მოხდეს. ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას და ამავე დროს, არსებულ მუხლებში წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი ნორმის ამორებას, რომელიც გულისხმობს, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა მაშინ არის დასჯადი, თუ მნიშნელოვანი ზიანი მოჰყვა. ეს უნდა იყოს ამოღებული, რადგან არავითარი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამატებით არ ჭირდება, თუკი ირღვევა ადამიანის პირადი და ოჯახური სივრცე“ - განაცხადა ბესელიამ.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეები ესწრებიან. დეპუტატების განცხადებით, უწყებების წარმომადგენლებთან მათ კითხვები ექნებათ ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითაც.

„გამოძიებას თავისი სპეციფიკა აქვს, საგამოძიებო პროცსში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, თუმცა, ცხადია, გარკვეულ ინფორმაციას მივიღებთ იმ დონით და იმ დოზით, რაც დაშვებულია კანონმდებლობით. ზოგადად, კიბერ დანაშაული არის ძალიან რთულად გამოსაძიებელი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს და დროულად გავიდნენ იმ პირთა წრეზე, რომლებიც სავარაუდოდ არიან ეჭვმიტანილები ასეთი ტიპის დანაშაულებში“ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

პარლამენტის ძველ შენობაში მიმდინარე შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანიც ესწრება.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. 14 მარტს კი ინტერნეტში ახალი  ვიდეო აიტვირთა, სადაც მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ არიან, თუმცა, კადრების გამავრცელებელი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება. ვიდეოს ავტორი მოუწოდებს "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

პროკურატურამ ორივე საქმეზე გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები