კრიმინალი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1996 წელს დაბადებულმა თინათინ გ-მ გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა. ამის შემდეგ კი, ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები