თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის შენობა დატოვეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. გადაწყვეტილება სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს. მათ საგანგებო მანიფესტი შეიმუშავეს, რომელსაც თსუ-ს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს გააცნობენ. ისინი 115-ე აუდიტორიაში დაბრუნებას შაბათს აპირებენ. სტუდენტ ირაკლი კუპრაძის განმარტებით, მათ გადაწყვეტილება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით მიიღეს. კუპრაძის თქმითვე, აუდიტორია 115-ის სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. 

"აუდიტორია 115 ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის. ჩვენ მიერ დაყენებული სამივე საკითხი დაკმაყოფილებულია. ეს ეხება კანცლერობის კანდიდატის მოხსნას, რომელიც რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ დაკმაყოფილდა. დანარჩენი ორი საკითხი არის გრძელვადიანი, რომლებიც ეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირებას და ოდეერებისგან უნივერსიტეტის გათავისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც განათლების სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ უნივერსიტეტს ვტოვებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღდგეს სასწავლო პროცესი", - უთხრა კუპრაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.

ამასთან, უკვე ამოიწურა ვადა, რომელიც სტუდენტურმა თვითმმართველობამ თსუ-ს რექტორს ლადო პაპავას გადასადგომად მისცა. თვითმმართველობის წევრები თსუ-ს მეორე კორპუსში თათბირს მართავენ, სადაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ ლადო პაპავამ რამდენიმე წუთის წინ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რექტორის პოსტის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები