თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო: ყველა მხარემ კონსტრუქციულ დიალოგს უნდა მიმართოს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მხარემ კონსტრუქციულ დიალოგს უნდა მიმართოს, თორემ საბოლოო შედეგი სავალალო იქნება. საბჭოს წევრები მოუწოდებენ პროფესურას, თავი შეიკავონ მკვეთრი განცხადებებისგან.

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს ერთიანობისკენ, რათა მაქსიმალური ძალისმხევა მიმართონ არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად. შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ სავალალო შედეგებამდე.

სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გავრცელდა არამარტო დაუზუსტებელი, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელი განცხადებები. ბრალდებები წაუყენეს, როგორც რექტორს, ასევე ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეებს და კანცლერობის კანდიდატს. გამოითქვა სერიოზული და უაპელაციო ურთიერთბრალდებები, რაც დაუშვებელია. სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

ჩვენთვის მიუღებელია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს უნივერსიტეტისა და მისი მმართველი ორგანოების პარალიზებას, მიუღებელია როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე მორალური ზეწოლა.

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პროფესურას, თავი შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან. ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეები ჩვენ ჩვენი სტუდენტები არიან. ვალდებულნი ვართ, მოვუსმინოთ ყველას, გავითვალისწინოთ მათი კონსტეუქციული მოსაზრებები და მათთან ერთად მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან", - წერია განცხადებაში.

ვლადიმერ პაპავა რექტორის პოსტიდან გადადგომას არ გეგმავს. თვითმმართველობის წევრები კი შიმშილობის დაწყებას აპირებენ. აქციას მართავენ #115 აუდიტორიის სტუდენტები. ისინი თვითმმართველობის მხრიდან კომპრომისზე წასვლას ელიან.

კომენტარები