თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

NGO-ები: მთავრობამ დაიწყოს გამოძიება თსუ-ში ე.წ. ოდეერების უკანონო საქმიანობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თსუ-ის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ეფექტური ზომები მიიღოს და შეკრების თავისუფლება დაიცვას. NGO-ების განცხადებითვე, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. ოდეერების უკანონო საქმიანობის შესახებ. ასევე, უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას - დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა.

"თსუ-ში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში დამძიმდა. აუდიტორია 115-ის აქციებს დაუპირისპირდა სტუდენტური თვითმმართველობისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონტრაქციები.

იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტის შენობაში აუდიტორია 115-ის მხარდამჭერებს პოლიცია თსუ-ს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თვითმმართველობასთან ასოცირებული ცალკეული ჯგუფები, მათ შორის, ნიღბიანი აგრესიული ჯგუფები, ახერხებენ უნივერსიტეტის შენობაში შეღწევას. აუდიტორია 115-ის წევრები და უნივერსიტეტის პროფესორები მიუთითებენ, რომ პოლიციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელი არ შეუშალა და არ აღკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა შენობაში შესვლა. სტუდენტური თვითმმართველობის და მათი მხარდამჭერი წრეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ინციდენტი, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ადგილზეა მობილიზებული, მას არ გააჩნია უნივერსიტეტის შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სტრატეგია და გეგმა, რაც აჩენს ორი სხვადასხვა შეკრების მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტისა და ძალადობრივი თავდასხმის რისკებს. რეალური საფრთხეების არსებობაზე მიანიშნებს ისიც, რომ კონტრაქციის მონაწილე სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები ხშირ შემთხვევებაში სცდებოდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებს და ქმნიდნენ ფიზიკური ძალადობის საფრთხეებს.

ამ დრომდე პოლიციასა და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს დადგენილი შეკრების მონაწილეებისთვის შენობაში მიმოსვლის ერთიანი წესი. ასევე, არათანმიმდევრულია დამკვირვებელი ორგანიზაციების დაშვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ერთიანი უსაფრთხოებისა და გადაადგილების რეჟიმის არარსებობა ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და ზრდის პროცესების უკონტროლოდ განვითარების რისკებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მრავალეროვანი საქართველო (PMMG), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, კავშირი საფარი, ქალთა მოძრაობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ასოციაცია მწვანე ალტერნატივა, კავკასიური სახლი, სათემო განვითარების ცენტრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, ფონდი ტასო და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციები 7 მარტს დაიწყო. სტუდენტები ითხოვდნენ, გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას, ე.წ. ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიებას და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. გუშინ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, აქციები მისმა მომხრეებმა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დაიწყეს. ისინი მეორე დღეა, რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. თვითმმართველობის წევრები დღეს რექტორის კაბინეტშიც შეიჭრნენ და პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს

ასევე არ წყვეტს პროტესტს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115. მათ მოთხოვნას უნივერსიტეტის ავტონომიის, ე.წ. ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიების და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, აკადემიური საბჭოს დაშლაც დაემატა. დღევანდელ ბრიფინგზე სტუდენტებმა პრემიერმინისტრს და განათლების მინისტრს მოუწოდეს, პირადად გაეცნონ სიტუაციას, "რადგან პროცესი გაცდა შიდასაუნივერსიტეტო ფარგლებს".

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, შეხვდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და ხელმძღვანელ პირებს, რათა შექმნილი პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრას. პრემიერის განცხადებით, "მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს". გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.

კომენტარები