თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრემიერი: შსს-მ მიიღო დავალება, თსუ-ში სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, შეხვდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და ხელმძღვანელ პირებს, რათა შექმნილი პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრას. პრემიერის განცხადებით, "მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს". გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ჩვენი ახალგაზრდების სწრაფვას და სურვილს, უნივერსიტეტი იყოს რეალურად ავტონომიური და გაჯანსაღდეს საუნივერსიტეტო ცხოვრება.

მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სტუდენტური პროტესტი რიგ შემთხვევებში სრულიად მიუღებელ მოქმედებებში გადაიზარდა, მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. იმისათვის, რომ კიდევ უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია და პროცესები უმართავი არ გახდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში.

ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალგაზრდების პოზიცია და მონაწილეობა იმ ახალი რეფორმის შემუშავებაში, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემაში. მხოლოდ ერთიანი ძალით - დარგის სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის განათლების სისტემას" - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციები 7 მარტს დაიწყო. სტუდენტები ითხოვდნენ, გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიებას და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. გუშინ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, აქციები მისმა მომხრეებმა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დაიწყეს. ისინი მეორე დღეა, რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. თვითმმართველობის წევრები დღეს რექტორის კაბინეტშიც შეიჭრნენ და პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს

ასევე არ წყვეტს პროტესტს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115. მათ მოთხოვნას უნივერსიტეტის ავტონომიის, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიების და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, აკადემიური საბჭოს დაშლაც დაემატა. დღევანდელ ბრიფინგზე სტუდენტებმა პრემიერმინისტრს და განათლების მინისტრს მოუწოდეს, პირადად გაეცნონ სიტუაციას, "რადგან პროცესი გაცდა შიდასაუნივერსიტეტო ფარგლებს".

კომენტარები