თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნანუაშვილი: თსუ-ში მიმდინარე აქციის დროს დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ხოლო პოლიციამ და თსუ-ის დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს ძალადობის თავიდან არიდება და მათზე ეფექტური რეაგირება. უჩა ნანიაშვილის განცხადებით, 14 მარტს თსუ-ში მიმდინარე ორი აქციის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ასევე, ლიბერალისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტებს პროფესულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„14 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედებების ჩამდენი პირები თსუ-ს თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები იყვნენ. კერძოდ, ლიბერალის ჟურნალისტს სოფო გოგიშვილს თვითმმართველობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ყელში ხელი წაუჭირა და მისი ძირს დაგდება სცადა, წაართვა ტელეფონი და მოპოვებული ჟურნალისტური მასალა წაუშალა. ტელეფონი მას მოგვიანებით დაუბრუნეს. ლიბერალის მეორე ჟურნალისტს მამუკა მგალობლიშვილს კამერა ძირს დააგდებინეს, რამაც იგი დააზიანა. ნეტგაზეთის ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს წაართვეს ტელეფონი, რომლითაც განვითარებულ მოვლენებს იღებდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელი კი, მას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებდა. ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მათ არ მიიღეს ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მათ აღსაკვეთად", - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ განცხადებაში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი ჰქონდა იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მეორე კორპუსიდან გამომავალი გვირაბის მეშვეობით ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, მათ შორის ნიღბიანი პირები შევიდნენ.

„ამან პროცესებში გარკვეული არეულობა შემოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუერთდა", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა ერთი სტუდენტის დ.ხ.-ს ცემის შესახებაც. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ინციდენტის დროს, შენობაში შესვლა შეზღუდული იყო. მათი თქმით, დასადგენია, თუ როგორ მოხვდა ახალგაზრდების ჯგუფი შენობაში და ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული შესასვლელის კონტროლზე.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში გუშინდელი აქციის არაერთი მონაწილე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობასა და არაეფექტურ საქმიანობაზე. პარალელურ რეჟიმში ორი კონტრაქციის მიმდინარეობა პოლიციისაგან განსაკუთრებულ მობილიზებასა და ყურადღებას მოითხოვს. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია პოლიციელების მხრიდან სათანადო ვერბალური კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან, მათთვის ცალკეული საკითხების განმარტებისა და სიტუაციის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად სწორი გზავნილების მიწოდების მიზნით. აუცილებელია, რომ როგორც პოლიციამ, ასევე თსუ-ს დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს თანაბარი მიდგომა ორივე აქციის მონაწილეთა მიმართ, მათ შორის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კუთხით. შენობაში შესვლის შეზღუდვა კი დასაბუთებული და პროპორციული ღონისძიება უნდა იყოს და არ უნდა გამოიწვიოს თავად შეკრების თავისუფლების შეზღუდვა", - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ განცხადებაში.

ნანუაშვილი მოითხოვს ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოძიებას.

„მივმართავ შესაბამის უწყებებს, ამ მიზნით მიიღონ სათანადო ზომები. გამოძიების ფარგლებში გამოსარკვევია პოლიციელთა და თსუ-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საკითხი. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობისაგან და არ დაუშვან მისი პროვოცირება", - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხებით უნდა დაინტერესდნენ სათანადო უწყებები და კომპეტენციის შესაბამისად გადადგან ნაბიჯები.

„როგორც სახალხო დამცველი, გამოვხატავ პირად დაინტერესებას უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის" ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვგეგმავ, გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ მიმართულებით არსებული ვითარების კანონიერების შესასწავლად. ამავდროულად, მზად ვარ, ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი თუ უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პროცესზე დაკვირვებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციები 7 მარტს დაიწყო. აქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას და ე.წ. ოდეერის არსებობის თემაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. გუშინ, 14 მარტს კი აქციები სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმაც დაიწყეს, რომლებიც თსუ-ის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები