თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ, რომ პროცესები იყოს არეული

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა მოუწოდებს სტუდენტთა ორივე ჯგუფის გულშემატკივრებს, უნივერსიტეტის ტერიტორია დატოვონ. მისი თქმით, სტუდენტების თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. პაპავამ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში შიმშილობას აგრძელებენ.

"ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რაც შეარჩიეს და რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე დავპირდი, რომ მათზე ზეწოლა დაცვის სამსახურის ან პოლიციის მხრიდან არ იქნება. მათ არავინ არ დაარბევს. შიმშილობა მათი უფლებაა. წყალი, რაც არის აუცილებელი შიმშილობის პროცესში, იქნება უზრუნველყოფილი", - თქვა თსუ-ის რექტორმა და აღნიშნა, რომ კონსენსუსის მოსაძებნად სტუდენტებთან დიალოგი გაგრძელდება. 

მისივე განცხადებით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ, რომ პროცესები იყოს არეული და ეს არეულობა გადაედოს მთელ ქვეყანას. ეს ძალები არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვისაც ქვეყანა უყვარს, ვისაც თსუ უყვარს, არავის აწყობს დესტაბილიზაცია და ეს უნდა ავიცილოთ თავიდან".

ლადო პაპავას გადადგომას სტუდენტური თვითმმართველობა მეორე დღეა, ითხოვს. სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 არ იზიარებს მათ პოზიციას. ისინი რამდენიმე დღე აპროტესტებდნენ კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას. ასევე, ითხოვენ თსუ-ში ე.წ. ოდეერების ყოფნის საკითხის გამოძიებას და უნივერსიტეტის ავტონომიას. 

კომენტარები