თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: კომპრომისებში ვერანაირად ვერ შევა რექტორის გადადგომა

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, რექტორის გადადგომის მოთხოვნა "არის ჩიხობრივი გზა". მისი შეფასებით, ეს უნივერსიტეტს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს.

"ამიტომ, ამ თემის განხილვას არ ვაპირებ, აქ პოზიცია საკმაოდ მკაფიოა, საკმაოდ ნათელია. დანარჩენ ნებისმიერ თემაზე მზად ვარ, სტუდენტებს დაველაპარაკო. მე მაქვს მზაობა, მივიდე და შევხვდე სტუდენტებს, აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია? გამოსავალია მხოლოდ დიალოგი და გარკვეული კომპრომისები. ამის გარეშე, შედეგს ვერ მივაღწევთ, მაგრამ ამ კომპრომისებში ვერანაირად ვერ შევა რექტორის გადადგომა, რადგან ეს საერთოდ აფუჭებს მთელ სიტუაციას უნივერსიტეტში. ეს არის არა ჩემი პირადი, როგორც ლადო პაპავას სურვილი, არამედ ეს არის რექტორის აზრი, რომელიც ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა შეინარჩუნოს უნივერსიტეტში სტაბილურობა, უნივერსიტეტი არ უნდა დაემგვანოს რაღაც ჩამოშლილ ორგანიზაციას. რექტორის ფუნქციაა, უახლოეს ხანებში გამოცხადდეს ის პროცედურები, რომელიც არის დაკავშირებული კანცლერის არჩევასთან და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს მუშაობა, დიალოგისთვის ყველასთან მზად ვარ", - ამბობს პაპავა.

ამ წუთებში, უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს ხვდება, რომლებიც რამდენიმე საათის წინ, მის კაბინეტში შეიჭრნენ.

ამას გარდა, თსუ-ის რამდენიმე პროფესორმა შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით - არ გადადგეს რექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ლადო პაპავას გადადგომას სტუდენტური თვითმმართველობა ითხოვს. მათ აქციები გუშინ დაიწყეს. სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 კი, არ იზიარებს მათ პოზიციას. ისინი რამდენიმე დღე აპროტესტებდნენ კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას. ასევე, ითხოვენ თსუ-ში ე.წ. ოდეერების ყოფნის საკითხის გამოძიებას და უნივერსიტეტის ავტონომიას. 

კომენტარები