თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჟორჟოლიანი: აკადემიურმა საბჭომ და რექტორმა პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ

ბოლო დღეებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ პუბლიკაციებში არაერთხელ იქნა ხსნებული ჩემი სახელი. რამდენადაც სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო: არავითარი კავშირი ამ პროცესებთან არ მაქვს. მით უმეტეს, არ მაქვს განზრახვა და სურვილი რექტორობისა. ამავდროულად, სრულად ვიზიარებ სტუდენტთა გულისტკივილს უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მივესალმები მათ აქტიურ ბრძოლას ვითარების შესაცვლელად. თუმცა ვთვლი, რომ პრობლემა კიდევ უფრო ღრმა და მასშტაბურია, ვიდრე სტუდენტების მიერ თავისთავად სამართლიანად დასმული მოთხოვნები. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ვერ მოხერხდა ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული და რეპრესიული პოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბებული მძიმე მემკვიდრეობისა და ინერციის დაძლევა. არ განხორციელდა არც ინსტიტუციური და არც საჭირო პერსონალური ცვლილებები. ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელმძღვანელობენ კონიუნქტურული, კერძო და არაპრინციპული მოსაზრებებით. შედეგად, აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინეტერესები უკანა პლანზე გადადის. ჩვენი უპირველესი განათლების კერა, რომელმაც მეოცე საუკუნეში უზრუნველყო ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი აზრის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება, დღეს ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვეობის გამოწვევებს და ჩამოყალიბდეს როგორც მოდერნული, განვითარებაზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მზად არ აღმოჩნდა ესოდენ აუცილებელი რადიკალური ცვლილებებისათვის. ამ ურთულეს ვითარებაში, აუცილებელია როგორც აკადემიურმა საბჭომ, ასევე რექტორმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. სერიოზული კორექტირება სჭირდება განათლების სახელმწიფო პოლიტიკას. სრულად გასაზიარებელია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ განათლების სფეროს გამოცხადება ქვეყნის შემდგომი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ვიმედოვნებ, რომ განათლების სფეროს რადიკალური რეფორმის შემუშავებასა და შემდგომ რეალიზებაში ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და მთელი საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებას შესწევს ამის ძალა, და რომ ყველა ერთად წარმატებას მივაღწევთ განათლების სისტემის არსებითი რეფორმის საქმეში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე

კომენტარები