თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრემიერმინისტრის მოწოდების მიუხედავად, გიორგი გაფრინდაშვილი ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატია. ის მზადაა კითხვებზე პასუხების გასაცემად, თუმცა კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს დღეს მოუწოდა, დაპირისპირების პრევენციისთვის, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. გიორგი კვირიკაშვილი ასევე მიმართავს რექტორ ვლადიმერ პაპავას, უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების გამჭვირვალობა.

სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დრომდე გრძელდება. დღეს მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორებიც შეუერთდნენ. თსუ-ის სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგივე კანცლერის, თანამდებობაზე წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას აპროტესტებენ. ამასთან, ისინი გიორგი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

დღესვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში. კახა კოჟორიძე რექტორსაც შეხვდა. მისი თქმით, ე.წ. ოდეერის არსებობა უნივერსიტეტში დაუშვებელია.

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციას მეორე დღეა მართავენ. ისინი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებენ. ამასთან, გუშინ უნივერსიტეტში სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

 

კომენტარები