დავა მაესტროს გარშემო

კიკაბიძე: მაესტროს სახელწოდებით ახალი ტელევიზიის მაუწყებლობას დავიწყებთ

ტაბულა

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში მაესტროს სახელით ახალი ტელევიზიის მაუწყებლობას დაიწყებს. მისი განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე არა ტელეკომპანიის, არამეს შპს სტუდია მაესტროს დირექტორია. კიკაბიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ - შპს ტელეკომპანია მაესტრომ უკვე გაიარა ავტორიზაცია, მიმართა მარეგულირებელ კომისიას და შეატყობინა, რომ საკუთარი ტელევიზიის გაკეთების სურვილი აქვს. კიკაბიძემ აღნიშნა, რომ სავაჭრო ნიშანი „მაესტრო" მან დაარეგისტრირა 2011 წლის 29 დეკემბერს.

„მიდის ისეთი ნარატივი, თითქოს ტელეკომპანიის დირექტორად დაინიშნა ლევან გაჩეჩილაძე. ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა შპს-ს დირექტორად და არა ტელეკომპანიის დირექტორად. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სავაჭრო ნიშანი მაესტრო დავარეგისტრირე მე 2011 წლის 29 დეკემბერს, მაშინ როდესაც ვიყავი ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი. ეს სახელი მანამდეც იყო გამოყენებული სატელევიზიო სივრცეში და მოვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, თუმცა 2011 წლის 29 დეკემბერს დავარეგისტრირეთ ეროსი კიწმარიშვილის გამო მომხდარი მოვლენების გამო. ამის შემდეგ, როდესაც მე წავედი შპს სტუდია მაესტროს დირექტორობიდან, ახალ მენეჯმენტს შევუთანხმდი, რომ ამ სახელს გადავარეგისტრირებდი იმ შპს-ზე და კომპანიაზე, რომელსაც მე ჩამოვაყალიბებდი და ჰქვია შპს ტელეკომპანია მაესტრო. სახელის გამოყენების ნებართვის შესახებ ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით ახალ მენეჯმენტთან და დავუტოვეთ სახელის გამოყენების უფლება სატელევიზიო სივრცეში. იმიტომ, რომ მაშინდელი დამფუძნებლების პრონცენტული გადანაწილება და მენეჯმენტი არ მაძლევდა იმის საშუალებას და უფლებას, რომ მათთვის ეს ამეკრძალა. ამის შემდეგ, ჩემი კომპანიით "შპს ტელეკომპანია მაესტრო" გავიარე ავტორიზაცია, მივმართე მარეგულირებელ კომისიას და შევატყობინე, რომ მქონდა სურვილი საკუთარი ტელევიზიის გაკეთების" - თქვა კიკაბიძემ და აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები გახდა იმის საფუძველი, რომ უახლოეს დღეებში მაესტროს სახელით მაუწყებლობა დაიწყოს.

"მე უკვე მივმართე მარეგულირებელ კომისიას. მქონდა კონსულტაციები ქალბატონ მაკას ასათიანთან. ჩვენ, პრინციპში შევთანხმდით შენობასთან და ყველა იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა მაუწყებლობისთვის. ასევე მქონდა მოლაპარაკებები იმ სახელის თანაავტორებთან და თანამფლობელებთან და ჩემს მეგობრებთან - ქალბატონ ეკა აკობიასთან და ბატონ მამუკა ღლონტთან. რამდენიმე დღეში, როგორც შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი და ხელმძღვანელი, დავიწყებ ამ სახელით მაუწყებლობას. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ტელეკომპანია მაესტროში მუშაობს, აუცილებლად შევხვდები მათ ყველას, შევთავაზებ მათი პროფეესიით და მათი გამოცდილებით ჩემთან თანამშრომლობას. ასევე, მინდა, მივმართო ბატონ მამუკა ღლონტს. თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ მამუკა ღლონტი არ იღებდა ტელეკომპანიის მართვაში მონაწილეობას და გადართული იყო რადიოს საკითხებში. მინდა, მას მივმართო, რომ მიიღოს კონსულტაციის მხრივ მაესტროს მართვაში მონაწილეობა" - თქვა კიკაბიძემ და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ფინანსურად მაკა ასათიანი უზრუნველყოფს.

"ის, რომ შპს სტუდია მაესტროს დირექტორად მოავლინეს ლევან გაჩეჩილაძე, არ ნიშნავს იმას, რომ შპს-ს სხვა დამფუძნებლები არ ჰყავს. ამ შპს-ს ჰყავს სხვა დამფუძნებლებიც და აქვს ძალიან დიდი დავალიანება ქალბატონი მაკა ასათიანის მიმართ. ქედან გამომდინარე, ყველანაირი შესაძლებლობა გვექნება, ვისარგებლოთ იმ ქონებით, რაზეც ქალბატონი მაკა ასათიანის კომპანიას აქვს უფლება" - განაცხადა კიკაბიძემ. 

კომენტარები