დავა მაესტროს გარშემო

ისაკაძე: ვეცდებით, მაესტროსთან საქმიანი ურთიერთობა ცივილიზებულად დავასრულოთ

ტელეკომპანია მაესტროს გადაცემების - საქმიანი დილა და ბიზნეს-კონტაქტი - დამაარსებლის და ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის განცხადებით, "ჩვენ გვექნება ყველანაირი მცდელობა, რომ საქმიანი ურთიერთობა დასრულდეს მაქსიმალურად ცივილიზებულად". ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ისაკაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შპს სტუდია მაესტროსთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს, თუმცა ის გადაცემების დახურვას არ აპირებს. 

"ლევანმა, როგორც შპს მაესტროს გენერალურმა დირექტორმა მოინდომა შეხვედრა. მან იცის ჩვენი განწყობა. ის კარგად იცნობს "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებებს. ჟურნალისტები, ისევე, როგორც "ბიზნეს-კონტაქტი" და "საქმიანი დილა" რჩებიან ამ განცხადებების ერთგული. ჩვენ ეს პროექტები დავიწყეთ მაკა ასათიანთან და კოტე გოგელიასთან ერთად. მე ამის განმეორება მომიწია ბატონ ლევანთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ყველანაირი მცდელობა, რათა საქმიანი ურთიერთობის დასრულება მოხდეს მაქსიმალურად ცივილიზებულად. "ბიზნეს-კონტაქტი" და "საქმიანი დილა", ასევე "ანალიტიკა" ეთერში იქნება. რა ფორმით მოხდება და როგორ - ეს გამოჩნდება. ლევანმა მიიღო დასტური იმაზე, რომ ჩვენ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროსთან", თუმცა ეს ყველაფერი მოხდება საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით კი, "ეს პროექტები რომ მოხვდეს სხვაგან, შპს "სტუდია მაესტროს" შემოსავლები შემცირდება, მე ვიბრძოლებ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს".

კომენტარები