აზერბაიჯანი-საქართველო

გაზის დამატებითი მოცულობების მიღებაზე კონტრაქტი სოკართან დღეს გაფორმდება

საქართველოსა და სოკარს შორის აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობის წამოღების შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი მოაწერენ, რომელიც თბილისში ჩამოვიდა.

აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღებასთან დაკავშირებით ცვლილება მხარეებს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში შედის.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, 14:00-ზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი შეხვედრას გამართავენ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ზამთრის პერიოდში გაზით სრულად ვერ უზრუნველყოფდა და ამიტომაც, მოლაპარაკებებს გაზპრომთან მართავდა. აზერბაიჯანულმა მხარემ საპირისპირო რამდენჯერმე განაცხადა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარი საქართველოს, საჭიროების მიხედვით, 500 მილიონი კუბური მეტრით გაუზრდის გაზმომარაგებას და მის მოწოდებას შაჰ-დენიზის მილსადენით უზრუნველყოფს. ამას გარდა, სოკარი ფასის შესამცირებლადაც მზად არის. თავად კახა კალაძის განცხადებით, "ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მოლაპარაკებები. გაზპრომის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი როლია ის, რომ დღეს სოკართან საუბარი არის ბუნებრივი აირის ფასების დაკლებაზე".

კომენტარები