აზერბაიჯანი-საქართველო

საქართველო რეგიონში თავის პოზიციებს საბოლოოდ კარგავს - ლელო ალიევის განცხადებაზე

ლელო-ძლიერი საქართველო

კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გააკეთა. კოალიციის განცხადებით, საქართველო, როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი, რეგიონში თავის პოზიციებს საბოლოოდ კარგავს.

"ალიევის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოზე გადის მალე გადამისამართდება სომხეთის სატრანზიტო მარშრუტებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამყარებს საკუთარ ფუნქციას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი, რეგიონში საკუთარ პოზიციებს საბოლოოდ კარგავს. 

საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ საქართველოს მართვის ყოველი დღე ჩვენს ქვეყანას სულ უფრო ძვირი უჯდება. სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში ყველა სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი ინტერესების დაცვის საუკეთესო გზა მოძებნოს. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაუქმების, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების პირობებში, გაურკვეველია, რა სტრატეგიული ფუნქცია დარჩა ქვეყანას. იმ ფონზე, როცა საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს ქმნიან, საქართველო არათუ ვერ იძენს რაიმე ახალ ფუნქციას, არამედ კარგავს დღეს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებსაც. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს და სტრატეგიულ დატვირთვას.

სტრატეგიული ფუნქციის დაკარგვა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. აშშ ხდება გარანტორი აზერბაიჯანი-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის და ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტის. ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს რჩება ერთადერთი ფუნქცია - დარჩეს ბუფერულ ზონად რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც დასავლეთში ინტეგრაციის პერსპექტივა ექნება და არც ეკონომიკური განვითარების შანსი. რუსეთი დიდი ხანია სწორედ ამ ფუნქციას ითვალისწინებს საქართველოსთვის, რაც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად რეალობად იქცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ეს ნიშნავს დაუცველობას, სიღარიბესა და სრულ უპერსპექტივობას". - წერია ლელო-ძლიერი საქართველოს განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ახლო მომავალში, საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც საქართველო არც წელს მიუწვევიათ.

კომენტარები