აზერბაიჯანული სამთავრობო გამოცემა Minval Politika-ს ცნობით, "თბილისის მხრიდან სატარიფო დემარშის საპასუხოდ" ბაქო სომხეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.
მანამდე, Minval Politika წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა. ამის შემდეგ, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ მოხდება.
"თუმცა, ასეთი ერთჯერადი გადაწყვეტილება არ პასუხობს მთავარ კითხვას: რა არის თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიან ტარიფებისა და საბაჟო გადასახადების საკითხზე?". - წერია სტატიაში.
გამოცემა, ბაქოსა და ერევანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა "უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის შესაქმნელად". რაც გულისხმობს რკინიგზის ხაზის აღდგენას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ბაქოს ყაზახთან აკავშირებდა და შემდეგ იჯევანის მიმართულებით გრძელდებოდა.
Minval Politika აღნიშნავს, რომ ალტერნატიული გზების შეფასება უკვე დაწყებულია და შესწავლილია ტექნიკური ნაწილიც იმ მონაკვეთის აღდგენისთვის, რომელიც ტრანზიტულ ტვირთს საშუალებას მისცემს "გათავისუფლდეს საქართველოზე დამოკიდებულებისგან". გამოცემის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ასეთი დისკუსიები მიმდინარეობს მეტყველებს იმაზე, რომ "აზერბაიჯანმა შეწყვიტა საქართველოს გავლით სატრანზიტო გზის ერთადერთ ან გარდაუვალ გზად აღქმა".
"დღეს თბილისი მარტივი არჩევნის წინაშე დგას: ინტეგრირდეს ახალ რეგიონულ თანამშრომლობის მოდელში, ან დააკვირდეს იმ მარშრუტების განვითარებას, სადაც მისი ყოფნა საჭირო აღარ იქნება". - წერს გამოცემა.
მანამდე აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა.
გამოცემის მიხედვით, საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი მძღოლების ხანგრძლივმა და განმეორებითმა შეფერხებამ ბაქოში გააჩინა განცდა, რომ თბილისი ვერ ან აღარ ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
ამასთანავე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალური განცხადებები კეთდება.





