აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიამ Caliber გამოაქვეყნა სტატია სათაურით – "საქართველოს ზანგეზურიდან ხმა მოესმა, რაზეც ნერვულად უპასუხა". სახელისუფლებო გამოცემა ტრაილერის მძღოლებზე დაყრდნობით წერს, თუ როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში საზღვარზე ქართული მხარის დამოკიდებულება აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ.
მძღოლები მედიასთან აღნიშნავენ, რომ საზღვარზე უხეშ მოპყრობას და კანონის უარყოფას აწყდებიან. რიგ შემთხვევებში მათ საზღვარზე დღეების განმავლობაში აჩერებენ, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ დამცინავად ჰკითხეს, თუ "როდის ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი" და მიანიშნეს, რომ ამ მარშრუტზე გადაერთონ.
“არსებული ვითარება აჩენს გარდაუვალ კითხვას: თუ მსგავსი ეპიზოდები რეგულარულად მეორდება, ამ ყველაფრის უკან დგას მიზეზი, რომელიც ელემენტარულ ორგანიზაციულ ქაოსს სცდება. თავიდან აჩერებდნენ ცალკეულ სატვირთოებს, შემდეგ ჯგუფებს, შემდეგ კი მთლიან პარტიებს. მძღოლები ადგილიდან ვერ იძვრებოდნენ და ვერ იგებდნენ, რატომ გადაიქცა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მარშრუტი გაურკვევლობის ზონად და ბარიერების უწყვეტ ზოლად. ამასთან, არ არსებობდა გაჩერების მიზეზის არც ოფიციალური და არც ნორმალური ახსნა. არსებობდა მხოლოდ მინიშნებები, ირონიული ღიმილები და რეპლიკები, რომელშიც ჩანდა გაღიზიანება – "წადით ზანგეზურით, როცა თქვენი კორიდორი მზად იქნება". ეს სიტყვები არ ჰგავდა ხუმრობას, ეს უფრო ცუდად შეფუთული გაღიზიანება იყო". - აღნიშნულია სტატიაში.
სავარაუდო მიზეზებზე საუბრისას, სტატიაში გამოთქმულია რამდენიმე სახის ვარაუდი. პირველ რიგში, თბილისში ხედავენ, რომ რეგიონში ლოგისტიკური რეალობა იცვლება და ზანგეზურის მარშრუტს აღარ განიხილავენ როგორც შორეულ პერსპექტივას. ის რეალურად შენდება და იქცევა ახალი ინფრასტრუქტურის ნაწილად, რომელიც ადრე თუ გვიან შეცვლის უკვე ჩამოყალიბებულ ბალანსს. "ათწლეულების განმავლობაში საქართველოში კონცენტრირებული ლოგისტიკური მონოპოლიის ფონზე, ალტერნატიული გზის გაჩენის შესაძლებლობა თბილისში მტკივნეულად აღიქმება".
გარდა ამისა, სტატიაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მხრიდან ასეთი ცვლილება შესაძლოა "ჩრდილოელ მეზობელს ან საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ სომხეთის ინტერესების გამტარებლებს უკავშირდებოდეს".
"საქართველოში ყოველთვის იყვნენ ფიგურები, რომლებიც წარსულით, წარმომავლობითა და პოლიტიკური სიმპათიებით დაკავშირებული არიან სომხურ გარემოსთან. ისინი ქვეყნის ზოგად კურსს არ განსაზღვრავენ, მაგრამ სისტემაში საკმარისად შესამჩნევად არიან წარმოდგენილი, რათა მათი დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ ასეთ მგრძნობიარე ზონებში გამოვლინდეს. მით უმეტეს ახლა, როდესაც თავად სომხეთში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ზოგიერთი სომხური ჯგუფის ინტერესებს არ შეესაბამება. მათთვის ძლიერი აზერბაიჯანი არასასურველი რეალობაა, ხოლო ნებისმიერი დინამიკა, რომელიც ჩვეულ სტერეოტიპებს სცდება, გაღიზიანებას იწვევს. ქართულ ბიუროკრატიაში ასეთი განწყობები შესაძლოა არა პირდაპირი გადაწყვეტილებებით, არამედ ისეთი პირობების შექმნით გამოიხატოს, რომლებიც ტექნიკურ შეფერხებას ჰგავს". - აღნიშნულია სტატიაში.
რაც შეეხება რუსულ ინტერესს, სტატიაში "ექსპერტებზე" დაყრდნობით აღნიშნულია, რომ საქართველოს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან ბოლო წლებში ისე ვითარდებოდა, რომ ამ უკანასკნელის გავლენა შესაძლოა გარკვეულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებშიც გამოვლენილიყო.
"ანალიტიკურ წრეებში ისმის მოსაზრება, რომ გაღიზიანება გამოიწვია თავად იმ ფაქტმა , რომ ზანგეზურის კორიდორზე შეთანხმებები ვაშინგტონში იქნა მიღწეული და პროექტი წინ მიიწევს მათ გარეშე, ვინც მსგავს პროცესებს ტრადიციულად საკუთარი კონტროლის ზონად მიიჩნევდა.
ამ ფონზე დასაშვებია, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ერთი ჩრდილოელი ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი, გამოიყენეს ხელსაყრელი საბაბი იმისათვის, რომ აზერბაიჯანელ მძღოლებს შექმნოდათ პირობები, რომლებიც საქართველოში გადაადგილებას გაართულებდა". - წერია სტატიაში.
ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია, რომ ამ პროცესების ფონზე აზერბაიჯანის პოზიცია "მშვიდი და თანმიმდევრულია". საქართველო მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა და დღესაც განიხილება აზერბაიჯანის მიერ როგორც პარტნიორი, რომელთან ურთიერთობაც ნდობასა და ურთიერთდახმარებაზეა დაფუძნებული.
"აზერბაიჯანს არასოდეს შეუჩერებია საქართველოსთვის მხარდაჭერა, მათ შორის, იმ პერიოდებში, როდესაც ქვეყანა განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამიტომაც იწვევს აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ბუნებრივ გაოცებას ის, რაც დღეს აზერბაიჯანელი მძღოლების თავს ხდება. ქვეყნისგან, რომელიც სტაბილური თანამშრომლობიდან სარგებელს იღებს, ელიან მინიმუმ იმას, რომ პატივი სცეს აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფლებებს – იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს და უზრუნველყოფენ სავაჭრო ბრუნვას, რომელიც სარგებელს აძლევს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ თავად საქართველოსაც". - წერია სტატიაში.





