მუსლიმებზე თავდასხმა

შსს: ადიგენში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ადიგენში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

"ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს", - წერია უწყების განცხადებაში.

გუშინ სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა.

დღეს რუსთავი 2-თან საუბარში ადიგენში მცხოვრებმა თქვა, რომ სანამ სოფელში ქრისტიანები იქნებიან, იქ მუსლიმური სასაფლაო არ გაიხსნება -"ჩვენი, ქრისტიანების აზრია, რომ სოფელში ჩვენ ოდითგანვე გვაქვს ერთი სასაფლაო. არ ვუკრძალავთ არავის არაფერს, არცერთ ერს. რაიმე უბედური შემთხვევის დროს, მიიყვანონ და დაკრძალონ სასაფლაოზე გარდაცვლილი ადამიანი. მათი სურვილი არ არის, მათ უნდათ, ცალკე რომ გააკეთონ. სოფელ ადიგენში სანამ ქრისტიანები იარსებებენ, მეორე მუსულმანური სასაფლაო არ გაიხსნება. ეს არის ჩვენი ბოლო პასუხი".

კომენტარები