მუსლიმებზე თავდასხმა

TDI: მუსლიმების თქმით, ადიგენში გამგებელს შეეძლო დაპირისპირების განეიტრალება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ უნდა დაზუსტდეს ადიგენში, მუსლიმებზე თავდასხმაზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია. ორგანიზაციის განცხადებით, სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილი (რითაც დაიწყო შსს-მ გამოძიება) არ ითვალისწინებს დევნას ძალადობით.

"მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა განცხადებით, შეხვედრაზე შეჭრილმა პირებმა, ფიზიკურ ძალადობას მიმართეს და, ასევე, ძალადობის მომავალში გამოყენებითაც დაიმუქრნენ. შესაბამისად, საქმის კვალიფიკაცია უნდა დაზუსტდეს", - აღნიშნავს TDI.

ამასთან, TDI-ის მიერ გამოკითხული მუსლიმი თემის წევრები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან საკითხისადმი მიკერძოებულ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე უთითებენ.

"ა. კ -ს თქმით, გამგებელმა იცოდა, რომ იმ დღეს ქრისტიანი ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ და არსებობდა დაპირისპირების გამწვავების რეალური საფრთხე. მათ თხოვნით მიმართეს ზაქარია ენდელაძეს და შეხვედრის გადადება სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დ.ა. კი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გამგებლისა და სოფლის მუსლიმი მაცხოვრებლების შეკრება 29 თებერვალს ე.წ. "ბირჟაზე" მოხდა, სადაც, როგორც წესი, ახალაგაზრდები იკრიბებიან. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პატარა ფარდული დგას, ამიტომ მუსლიმები ახსნა-განმარტებაში უსაფრთხოების მინიმალური ზომების უგულებელყოფაზე საუბრობენ. მათი აზრით, მსგავს საკითხებზე მოლაპარაკებები არ უნდა მომხდარიყო ღია სივრცეში, არამედ შენობაში, მშვიდ და საქმიან გარემოში. გამოკითხული მუსლიმების თქმით, გამგებელს შეეძლო დიდი როლი ეთამაშა დაპირისპირების განეიტრალებაში, მაგრამ მან ამის ნება არ გამოხატა, პირიქით, მაშინ როდესაც მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, იგი განერიდა ტერიტორიას და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა დაზარალებული მუსლიმების დასახმარებლად.

მუსლიმებს საეჭვოდ მიაჩნიათ ასევე ის ფაქტი, რომ გამგებელმა, რომელიც აშკარა სამართალდარღვევის მოწმე იყო, ამის თაობაზე არ შეატყობინა საპატრულო პოლიციას და არ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების საფუძველზე, მუსლიმი თემის წევრები ვარაუდობენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საკუთარი უმოქმედობით ფაქტობრივად წაახალისა ქრისტიანი მოსახლეობა და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერა ქრისტიანი მოქალაქეების წინაშე.

გამგებელი ზაქარია ენდელაძე კი, TDI-ს იურისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა მუსლიმი და ქრისტიანი თემის წევრების ჩართულობით მედიაცია და საერთო, ყველა მხარისათვს მისაღები გადაწყვეილების მიღებაა. გამგებელი არ საუბრობს მომხდარ ძალადობაზე, გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე. გამგებელი ამ დრომდე არ დაკითხულა მოწმის სტატუსით", - აცხადებს ორგანიზაცია და იქვე საგანგაშო ტენდენციად აფასებს პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირად საუბრებში გამოთქმულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.

"მაგალითისთვის, მუსლიმი თემის ერთ-ერთი წევრისადმი ირიბად ნათქვამი ფრაზის, „ვინც საქართველოს ისტორია არ იცის, ის საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს", განმარტების მოთხოვნის შემდეგ, პოლიციელმა განაცხადა, რომ მან ეს ფრაზა თქვა „როგორც კაცმა და არა როგორც პოლიციელმა".

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე, დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსი არ მინიჭებია არცერთ პირს. გაუმართლებელია ის ფაქტიც, რომ არ ჩატარებულა სამედიცინო ექსპერტიზა. სამედიცინო ექსპერტიზის ხასიათიდან და მიზნიდან გამომდინარე, ის უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად, რათა დაზიანება სწორად შეფასდეს. ყოველივე აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფოს, ბოლო წლებში მუსლიმთა დევნის არაერთი ფაქტის მსგავსად, არც მიმდინარე საქმეზე აქვს ნება, ობიექტურად და დროულად გამოიძიოს 29 თებერვალს მომხდარი ფაქტი", - აცხადებს TDI.

ორგანიზაციის ცნობით, სოფელ ადიგენის მოსახლეობის მუსლიმ თემს პირველი პრობლემა რამდენიმე წლის წინ შეექმნა, როდესაც გარდაცვლილი პირის დასაკრძალად სასაფლაოს ტერიტორიაზე შესაბამისი ადგილის მოძიება შეუძლებელი გახდა. ისლამი დაუშვებლად მიიჩნევს მორწმუნის დაკრძალვას სხვა სარწმუნოების პირთა გვერდით. სოფელში ცალკე სასაფლაოს არარსებობის გამო, გარდაცვლილის ოჯახი იძულებული გახდა, იგი სხვა რეგიონში დაეკრძალა. ამ შემთხვევის შემდეგ, მუსლიმი თემი მუდმივად ითხოვს სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფას, რათა შესაძლებელი იყოს მათი რელიგიური ტრადიციებისა და რიტუალების ჯეროვნად აღსრულება.

"2016 წლის 29 თებერვალს, საკითხის განხილვის მიზნით, ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, ორ მოადგილესთან და რამდენიმე საჯარო მოხელესთან ერთად სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოიყოფოდა მიწის ნაკვეთი ახალი სასაფლაოსთვის, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა საერთო სარგებლობისთვის, თუმცა, გაიმიჯნებოდა მუსლიმი თემისთვის განკუთვნილი ნაკვეთი, სადაც ისინი შეძლებდნენ მიცვალებულთა დაკრძალვას საკუთარი რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის წესების სრული დაცვით.

შეხვედრაზე საკუთარ აზრს გამოხატავდა მუსლიმი თემის ერთ-ერთი წევრი, რა დროსაც მოულოდნელად ქრისტიანი ახალგაზრდებით სავსე ორი ავტომანქანა გაჩერდა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ მუსლიმი მოსახელეობის წინააღმდეგ.

თავდაპირველად, თავდამსხმელების აგრესია მიმართული იყო სოფელ ადიგენში მცხოვრები, მუსლიმი თემის წარმომადგენელი როინ იაკობაძის მიმართ, რომელიც სასაფლაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებაში აქტიურად იყო ჩართული და იცავდა მუსლიმი თემის ინტერესებს. მუსლიმი თემის წარმომადგენელი ლ. ი. თავის ახსნა განმარტებაში უთითებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ცალსახად ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, აგინებდნენ როინ იაკობაძეს. ერთ-ერთი პირი, ლაშა ქომეთიანი, მისი ჩაქოლვისკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს.

TDI-სთან საუბრისას, იაკობაძის მეუღლე აღნიშნავს, რომ არა მუსლიმი ახალგაზრდების თავგანწირვა და მისი მეუღლის ირგვლივ დამცავი ჯაჭვის შეკვრა, იგი "სასიკვდილოდ იყო განწირული". შეხლა-შემოხლა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა და სხეულის ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანება მიიღო თემის ორმა წევრმა, რომლებიც იაკობაძის დაცვას ცდილობდნენ, ხოლო თავად როინ იაკობაძე გულის შეტევის გამო, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოკითხული მუსლიმები უთითებენ, რომ ვერბალური შეურაცყოფა მიაყენეს შეკრებაზე მყოფ თითოეულ მუსლიმს, მათ შორის ქალებს, რომლებსაც აგინებდნენ და უწოდებდნენ თათრებს. იყო შემდეგი სახის, მუქარის შემცველი შეძახილები: "წადით სათათრეთში", „ყველას დაგხოცავთ და მეჩეთს არ აგაშენებინებთ","სასაფლაოს და მეჩეთს ვერ ეღირსებით", - ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ადიგენში შეთანხმებას მიაღწიეს. სოფელში მოქმედ სასაფლაოს შეუერთებენ მიწას, სადაც მუსლიმ მიცვალებულებს დაკრძალავენ. მათ ორი დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება, თუმცა, ერთმანეთს მესერით დაუკავშირდება. 

2 მარტს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ-რწმუნებული, სრულიად საქართველოს მუფთი, ადიგენის მუსლიმური და მართლმადიდებელი მოსახლეობა, გამგებელი და ჭულეს მონასტრის წინამძღვარი.

ინციდენტზე, რომელიც სადავო სასაფლაოს გამო მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა.

 

კომენტარები