მუსლიმებზე თავდასხმა

ვოლსკი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას საკუთრებაზე დავად აფასებს

ტაბულა

ადიგენში მომხდარს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ეხმაურება და ფაქტს "საკუთრებაზე დავად" აფასებს.

"რელიგიური დაპირისპირება არ ყოფილა საქართველოში საუკუნეების მანძილზე. ადამიანები საკუთრების საკითხზე როდესაც უპირისპირდებიან ერთმანეთს, შეიძლება, თავისუფლად დაპირისპირებულ მხარეებში რელიგიური ჯგუფებიც აღმოჩნდნენ, თუნდაც ეროვნულად განსხვავებული ადამიანები. ვიმედოვნებ, სამართალდამცველები ამას ყველაფერს გაარკვევენ", - თქვა ვოლსკიმ.

გუშინ სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა.

დღეს რუსთავი 2-თან საუბარში ადიგენში მცხოვრებმა თქვა, რომ სანამ სოფელში ქრისტიანები იქნებიან, იქ მუსლიმური სასაფლაო არ გაიხსნება -"ჩვენი, ქრისტიანების აზრია, რომ სოფელში ჩვენ ოდითგანვე გვაქვს ერთი სასაფლაო. არ ვუკრძალავთ არავის არაფერს, არცერთ ერს. რაიმე უბედური შემთხვევის დროს, მიიყვანონ და დაკრძალონ სასაფლაოზე გარდაცვლილი ადამიანი. მათი სურვილი არ არის, მათ უნდათ, ცალკე რომ გააკეთონ. სოფელ ადიგენში სანამ ქრისტიანები იარსებებენ, მეორე მუსულმანური სასაფლაო არ გაიხსნება. ეს არის ჩვენი ბოლო პასუხი".

კომენტარები